სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უმთავრესი მიზანი სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებაა, ამისათვის კი უზრუნველვყობთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობას.

სააგენტოს შექმნის პერიოდისთვის (2011წ.), საქართველოს საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მხოლოდ 32%-ს შეადგენდა. ბოლო, 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.69% გახდა, რითაც ქვეყანამ გადააჭარბა როგორც ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს, ისე ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (78%).

„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. უკვე სრულად დაინერგა ჩვიდმეტი, ხოლო ნაწილობრივ – ოცდაათზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრებისა და ექსპერტების სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები.

სააგენტოს მიზანია მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა – მაღალი სტანდარტების დანერგვით და მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობით. შესაბამისი რეგულაციების დანერგვით, მგზავრებს გაუჩნდათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპესაციების მიღების შესაძლებლობა რეისების გაუქმების, ხანგრძლივი დაგვიანების, ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებში. კომპენსაციები განისაზღვრა აგრეთვე, მგზავრის გარდაცვალების, სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების დროს. ავიაკომპანიებს დაუწესდათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადაზღვევო მოთხოვნები. განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობებისა და შეზღუდული მოძრაობის მქონე პირისათვის გარანტირებული, სრულყოფილი დახმარების აღმოჩენის და დისკრიმინაციისაგან დაცვის წესები და პირობები. რეგულაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს აეროპორტებში, ოპერატორთა მიერ მოეწყო შშმ პირთა მომსახურების პუნქტები, ასევე მოხდა აეროპორტების აღჭურვა ყველა საჭირო მოწყობილობითა და ინფრასტრუქტურით რაც საჭიროა შშმ პირთა მომსახურებისათვის.

სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ლიბერალური საავიაციო პოლიტიკის გატარებას. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმება ხდება ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი შეთანხმებების მიხედვით ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, არ არის შეზღუდვა დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, დანიშნულების პუნქტებზე. ფრენის ნებართვის გაცემის პროცესი გამარტივებულია და ხორციელდება ოპერატიულ, 24 საათიან რეჟიმში. გატარებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ავიაკომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ განსაზღვრონ ფრენის სიხშირეები და ტარიფების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას და თავის მხრივ დადებითად აისახება ავიაბილეთის ფასზე და მომსახურების ხარისხზე. მომხმარებლებს მიეცათ სასურველი მიმართულებით გამგზავრების უფრო დიდი არჩევანის საშუალება.

სააგენტო განაგრძობს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩამოყალიბდა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სააგენტოს მეტი შესაძლებლობა აქვს აიყვანოს, მოამზადოს და შეინარჩუნოს საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი. ICAO-ს 2018 წლის აუდიტის მიხედვით ორგანიზაციულ ნაწილი (ORG) გაუმჯობესდა 91.67%-მდე.

საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტექნიკური შეთანხმებები გაფორმდა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA), ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL), საფრანგეთის და ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებებთან, თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევით პროგრამასთან (SESAR) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA).

სააგენტო უზრუნველყოფს შიდა ფრენების განვითარების ხელშემწყობი ნორმების დადგენას და ახალი მიმართულებების ინტეგრაციას სამოქალაქო ავიაციის სისტემაში. განისაზღვრა საფრენი მოედნის ცნება და მოთხოვნები. საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს, რომელსაც გადიან აეროდრომები. მიმდინარეობს ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილების შერჩევის პროცესი. შემსუბუქდა საავიაციო უშიშროების მოთხოვნები მცირე აეროდრომების მიმართ. ამოქმედდა გამარტივებული მოთხოვნები სერტიფიცირებული აეროდრომების ტერიტორიის მიღმა არსებული საწვავ-გასამართი მობილური სადგურების მიმართ. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით საწვავის მიწოდების მოქნილობას და ხელმისაწვდომობას.

შემუშავდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები, რომელთა მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნული ხომალდების გამოყენებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიმდინარეობს უპილოტო საჰაერო ხომალდების საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ინტეგრირების პროცესი, აღნიშნული საფრენი აპარატების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული წესების დანერგვით და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედებით.