სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება

გაიგეთ მეტი თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე

საავიაციო უსაფრთხოება და უშიშროება

სამოქალაქო ავიაცია ტექნიკურად და სამართლებრივად მკაცრად რეგულირებული და მუდმივ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო დარგია. სერიოზული შემთხვევებისა და ადამიანური დანაკარგის რაოდენობით, საჰაერო ხომალდი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა, რაც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, საავიაციო ხელისუფლებების და საავიაციო ინდუსტრიის მიერ ფრენების უსაფრთოხოების კუთხით გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შედეგია. საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების სტანდარტების სრულყოფა და გაუმჯობესება მუდმივ პროცესს წარმოადგენს. გაიგეთ მეტი თქვენს უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების შესახებ და იმგზავრეთ მშვიდად ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით.

ფრენის უსაფრთხოების ოფიციალური განმარტება არსებობს: „უსაფრთხოება არის საავიაციო სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც საჰაერო ხომალდის უშუალო ექსპლუატაციასთან ან ექსპლუატაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული რისკები შემცირებულია უსაფრთხოების დასაშვებ დონემდე და არის მართვადი“, თუმცა, ეს ფორმულირება ადამიანებისთვის, რომლებსაც ავიაციასთან მხოლოდ მგზავრობა აკავშირებს, ბუნდოვანი და გაუგებარია. ალბათ უფრო გასაგები იქნება თუ მათ შეკითხვას მარტივად ვუპასუხებთ: ფრენა უსაფრთხოა იმიტომ, რომ:

  • ნებისმიერი თვითმფრინავი ექსპლუატაციაში შესვლამდე, გადის პირველადი სერტიფიცირების პროცესს საავიაციო მარეგულირებელი ორგანოს მიერ. სერტიფიცირების პროცესში მოწმდება და დასტურდება, რომ საავიაციო პროდუქტი – ამ შემთხვევაში თვითმფრინავი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სასერტიფიკაციო სტანდარტებს;
  • საჰაერო ხომალდი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ექვემდებარება რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას და ზედამხედველობას, რომლის დროსაც მოწმდება მისი საფრენად ვარგისობა;
  • სერტიფიცირებას/ლიცენზირებას ექვემდებარება თითოეული სპეციალისტი, რომელიც საჰაერო ხომალდს ემსახურება – მფრინავი, ბორტგამყოლი, ავიატექნიკოსი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე. ყველა მათგანი ავიასპეციალისტის მოწმობას მარეგულირებელი უწყების მხრიდან (საქართველოს შემთხვევაში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) იღებს მკაცრად გაწერილი სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
  • სერტიფიცირებას ექვემდებარება ყველა ავიასაწარმო, რომელიც ჩართულია საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებში – ავიაკომპანია, აეროდრომი, სააერნაონსო მომსახურების საწარმო, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმო, ავიასაწვავგამმართველი საწარმო, სატვირთო ტერმინალი და სხვა. სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ავიასაწარმო საავიაციო ხელისუფლებას (საქართველოს შემთხვევაში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) შესათანხმებლად წარუდგენს წინასწარ დადგენილ პროცედურებს, რომელთა თანახმადაც გეგმავს საქმიანობის განხორციელებას. სააგენტო ზრუნავს, რომ პროცედურები შეესაბამებოდეს ეროვნულ მოთხოვნებს. თავის მხრივ, ეროვნული მოთხოვნები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს – ICAO-ს და ხშირ შემთხვევაში ევროპულ რეგულაციებს;
  • სერტიფიცირების შემდეგ, ავიასაწარმოები ექვემდებარებიან მუდმივ ზედამხედველობას. სააგენტო რეგულარულად ამოწმებს მათ შესაბამისობას სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებებით. არაგეგმიური ინსპექტირებები თავის მხრივ, გამოვლენილი რისკების გათვალისწინებით ხორციელდება;
  • ავიაციის სფერო რეგულირდება სტანდარტებით. საავიაციო რეგულაციები და სტანდარტები მუდმივად განახლებადია, ცვლილებები ითვალისწინებს ავიაციის ცვალებად გარემოს და ტექნოლოგიურ მიღწევებს;
  • საავიაციო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. სტანდარტების ეფექტურ დანერგვას ზედამხედველობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) და რეგიონალური ორგანიზაციები, მაგალითად ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA). ასევე, სტანდარტების შესრულებას ავიასაწარმოების და ავიასპეციალისტების მიერ ზედამხედველობს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

 

ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) არის სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების და SAFA-ს (უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის ევროკავშირის პროგრამა, რომელშიც ჩართულია სააგენტო) ინსპექტორები – შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით.

გაიგეთ რომელი ავიასაწარმოები ექვემდებარებიან შემოწმებას, რა უფლებამოსილება გააჩნიათ სააგენტოს ინსპექტორებს და როგორია თავად საინსპექციო შემოწმების პროცესი

  • ინსპექტირების ობიექტს წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოები, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის ავიასაწარმოები. საინსპექციო შემოწმებას ექვემდებარება საჰაერო ხომალდები, ფრენის უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ავიასაწარმოების მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, რომელთა ფუნქციონირება დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან, ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
  • საავიაციო საქმიანობის შემოწმება შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით,  თვითმფრინავის ბაქანზე ინსპექტირება,  მარშრუტზე (ფრენისას) ინსპექტირება,  საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტირება, ავიაკომპანიის საბაზო ობიექტების ინსპექტირება, აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ავიაკომპანიის ავიატექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის ინსპექტირება,  საავიაციო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება,  სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირება, აეროდრომის ინსპექტირება,  საავიაციო სასწავლებლების ინსპექტირება,  საწვავ-გასამართი საწარმოების ინსპექტირება,  საავიაციო სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ინსპექტირება და სხვა;
  • სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია;
  • ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
  • ინსპექტირება ტარდება როგორც პირის წინასწარი ინფორმირებით (გეგმიური ინსპექტირება), ისე ინფორმირების გარეშე (არაგეგმიური ინსპექტირება). გეგმიური ინსპექტირებების გეგმა ყოველწლიურად დგება სააგენტოს მიერ და ეგზავნება ინსპექტირების ობიექტს;
  • ინსპექტორი უფლებამოსილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო, ვიდეო, კომპიუტერული და აუდიოაპარატურა. საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC) დამატებით უფლებამოსილია შეიტანოს საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა;
  • უარი ინსპექტირების ჩატარებაზე, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენაზე, ინსპექტირების ობიექტზე დაშვებაზე, ინსპექტირების პროცესის შეფერხება ან ინსპექტორის მუშაობაში უხეში ჩარევა შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამ პირის საქმიანობაში ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით ნაკლოვანების არსებობა. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია გახდეს საავიაციო საქმიანობის ან შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის შეჩერების საფუძველი.
  • ინსპექტირების შედეგები აისახება ინსპექტირების ანგარიშში. ანგარიშის შედგენისას ხდება ნაკლოვანების ჩამოყალიბება, მისი დონის განსაზღვრა, ნომრის მინიჭება და ამ ყველაფრის შესაბამის ფორმაში ასახვა. შემოწმების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, სააგენტო პირს წერილობით აცნობებს და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა-გრაფიკი. ფრენების უსაფრთხოების შესაბამისი ინსპექტორების მიერ ხდება როგორც ვადების მონიტორინგი, ისე შესრულებული სამუშაოების გადამოწმება (Follow up).

ცნობისთვის, 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 36 მოქმედი ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ყავს.

 

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საავიაციო უშიშროება  მოიცავს საქმიანობას და ღონისძიებათა კომპლექს, რომლის მიზანია მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, დაუფლების მცდელობის და/ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების სხვა აქტების აღკვეთა, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფად აალებადი, რადიოაქტიური და საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების უკანონოდ გატანის აღკვეთა და სხვ. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ყველაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი და ცნობილი საზოგადოებისთვის. თუმცა, მგზავრებისთვის ვინც ბევრი წელია საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილდება, ალბათ თვალშისაცემია რამდენად შეიცვალა აეროპორტებში განხორციელებული შემოწმების მეთოდები და მოწყობილობები. ცვლილება განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოს, მასში ჩართული უწყებების, კომპანიების და მატერიალური რესურსების წყალობით, ავიაცია დღეს გაცილებით უსაფრთხოა ვიდე ეს თუნდაც ათი ან ოცი წლის წინ იყო. რა შეგვიძლია ვიცოდეთ ამ პროცესის შესახებ:

  • ყველა სახელმწიფო და მათ შორის საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო, ასრულებს საერთაშორისო კონვენციებით და ხელშეკრულებებით („საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის საერთაშორისო კონვენცია, საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის ჰააგის საერთაშორისო კონვენცია, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის მონრეალის საერთაშორისო კონვენცია და სხვ) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
  • სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს შემუშავებული აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამის ღონისძიებათა კომპლექსს;
  • საავიაციო უშიშროების ზედამხედველობას საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. იგი უზრუნველყოფს აეროდრომების ოპერატორების, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული / საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირების საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტებზე. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის მიზნით, ნაკლოვანებების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ახორციელებენ სრულმასშტაბიან  შემოწმებას, საინსპექციო შემოწმებას, მიმოხილვებს და საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდას;
  • საჰაერო ხომალდზე  იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების, სხვა სახიფათო ნივთების და მოწყობილობების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში მოხვედრამდე მოწმდება საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების ყველა მგზავრი, მათი ხელბარგი, მგზავრის სტატუსის არმქონე პირი და მათი თანმქონი ნივთები;
  • შესაბამისი ტექნიკური და ფიზიკური საშუალებებით, ასევე სამართალდამცავი ორგანოების და საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის შედეგად, აეროპორტები დაცულნი არიან არასანქცირებული შეღწევისაგან. ობიექტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც აღჭურვილია პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისა და იდენტიფიცირების საჭირო საშუალებებით. თავის მხრივ, შემოწმებას და მუდმივ კონტროლს ექვემდებარება საავიაციო უშიშროების მიზნით გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობები, მათი პარამეტრები, ტექნიკური და მუშა მახასიათებლები;
  • შესაბამისი პერსონალი უფლებამოსილია ჩამოართვას მგზავრს, შემოწმების პროცესში აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალები, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და ნივთიერებები ან არ დაუშვას გასაფრენად მგზავრები, რომლებიც უარს აცხადებენ შემოწმებაზე;
  • შემოწმებას ექვემდებარებიან ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრები, მათი ხელბარგი და თანმქონი ნივთები. ტრანზიტული მგზავრის მიერ დატოვებული ნებისმიერი ნივთი შესაბამისი წესების დაცვით იხსნება საჰაერო ხომალდიდან;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე შემოწმებას ექვემდებარება ნებისმიერი ტვირთი, ფოსტა, ბორტკვება და თანამდევი საშუალები;
  • არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების გამოვლენის მიზნით, ყველა სამოქალაქო საჰაერო ხომალდი ექვემდებარება გაფრენისწინა შემოწმებას. ავიაკომპანიების მხრიდან შემუშავებულია ეკიპაჟის კაბინის დაცვის ზომები არასანქცირებული დაშვების თავიდან აცილების მიზნით;
  • აეროპორტის თითოეული მოიჯარე, რომლის ტერიტორიის გავლითაც შესაძლებელია მოხდეს წვდომა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ვალდებულია   განახორციელოს მისი ტერიტორიიდან დაშვების კონტროლი;
  • უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი/საგანი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურს. თუ საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი მგზავრის მიერ, ტარდება შესაბამისი ზომები მფლობელის დასადგენად, ხოლო თუ მფლობელი ვერ დადგინდა, ბარგი შემოწმების შემდეგ თავსდება დაცულ სათავსში მფლობელისთვის გადაცემამდე ან მის განადგურებამდე აეროდრომის ოპერატორის პროცედურების შესაბამისად;
  • ავიასაწარმოებს არ აქვთ უფლება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაასაქმონ პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი შესაბამისი მომზადება, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიღებისა და შერჩევის პროცედურები. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალიზებული მომზადება სავალდებულოა მფრინავებისთვის, ბორტგამცილებლებისთვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისთვის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალისთვის, სატვირთო ტერმინალების პერსონალისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ტვირთის/ფოსტის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში, ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის მიღების, დახარისხების, დამუშავების, ასევე საჰაერო ხომალდის დასუფთავების პროცესში  ჩართული პერსონალისთვის და სხვა. სპეციალიზირებული მომზადება ხორციელდება   ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში;
  • სახელმწიფოები, მათი საავიაციო ხელისუფლებები და სამართალდამცავი ორგანოები მუდმივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის მეთოდების და საშუალებების სრულყოფის მიზნით.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საავიაციო მოვლენათა შეტყობინება წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ავსებს საავიაციო დარგის ტექნიკური და სამართლებრივი რეგულირების, ასევე მუდმივი ზედამხედველობის არსებულ მექანიზმებს. საავიაციო მოვლენათა შეტყობინება სავალდებულოა ავიასაწარმოში დასაქმებული პერსონალისთვის. ამასთან, ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა.

რა მიზნებს ემსახურება მოვლენათა შეტყობინების მექანიზმი და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი ამ პროცესში?

საავიაციო მოვლენა – ეს არის საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის და/ან მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემების და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემა მსოფლიოში პირველად 2006-2010 წლებში დაინერგა. ამგვარი შეტყობინებების გაკეთების აუცილებლობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საინსპექციო შემოწმების დროს ვლინდებოდა ფაქტები, როცა ავიასაწარმოში დასაქმებული თანამშრომლები ხშირ შემთხვევაში არ ამხელდნენ ამა თუ იმ საავიაციო მოვლენას იმ მიზეზით, რომ მოხდებოდა მათი ბრალეულობის დადგენა და დასჯა. გამომდინარე აქედან, არსებობდა ინფორმაციის გავრცელების შიში, რაც პოტენციურ ფრენების უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულების ერთგვარი კულტურის ნაკლებობის მიმანიშნებელი იყო.

საერთაშორისო დონეზე, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ძირითადი სტანდარტები და რეკომენდირებული პრაქტიკა გაწერილია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რეგიონში ერთ-ერთი პირველმა დანერგა საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად (EU Reg. 376/2014). წესი 2014 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.

საქართველოში საავიაციო მოვლენების შეტყობინება ხდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის. სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენების შესახებ  სავალდებულო და ნებაყოფლობითი ფორმით მიღებული შეტყობინებების შეგროვებას. სააგენტო აანალიზებს და ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას,  საჭიროებისამებრ ახორციელებს შესაბამის ინსპექტირებას ავიასაწარმო(ებ)ში, რათა დადგინდეს, გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები შეტყობინების სახით შემოსულ საავიაციო მოვლენაზე, საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს მითითებებს და ახორციელებს აღნიშნული მითითებების შესრულების ზედამხედველობას.

საავიაციო მოვლენათა შეტყობინება სავალდებულოა ავიასაწარმოში დასაქმებული პირებისთვის. მაგალითად, ესენი შეიძლება იყვნენ საჰაერო ხომალდის მეთაურები, თანამდებობით ეკიპაჟის მომდევნო წევრები, პირები, რომლებიც ახორციელებენ  ხომალდის ან მისი მოწყობილობის, ცალკეული შემადგენელი ნაწილის  დამზადებას, ტექმომსახურებას ან მოდიფიცირებას, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები, საავიაციო მეტეოროლოგები, პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა მონტაჟთან/მომსახურებასთან, პირები რომლებიც ასრულებენ ხომალდის ხმელეთზე მომსახურებას, აეროდრომის ტექნიკურ მომსახურებას და სხვა.

საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.  ნებაყოფლობითი შეტყობინების გასაკეთებლად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინების ფორმა.

სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მომწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა. სააგენტო მის მონაცემთა ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებს ინახავს დეიდენტიფიცირებულ მდგომარეობაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აუცილებელი მოთხოვნაა საავიაციო მოვლენათა შეტყობინებებთან მიმართებაში ავიასაწარმოებში არადამსჯელობითი გარემოს დანერგვა და ხელშეწყობა. ავიასაწარმომ არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი და არ უნდა გამოიყენოს საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაცია მის დადგომაში ბრალეული ან პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად, ან იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ან ამაღლებას.

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ფორმები

 

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების ზომების დაცვა მხოლოდ დარგის ფუნქციონირებაში ჩართული საწარმოების, უწყებებისა და სპეციალისტების ვალდებულება არ არის. თითოეულ მგზავრს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილდება, ევალება დაიცვას მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც წინასწარ ან ადგილზე გაიცემა ოპერატორი კომპანიის (ავიაგადამზიდველი, აეროპორტი), ეკიპაჟის წევრის თუ სახელმწიფოს ან მისი რომელიმე უწყების მიერ.

უარი უსაფრთხოების მითითებების შესრულებაზე, სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება ეკიპაჟის წევრებთან ან მგზავრებთან, დაუმორჩილებლობა, ყვირილი, უხეშობა, ნებისმიერი სახის მუქარა ბორტზე, ეკიპაჟის მოვალეობებში ჩარევა, სექსუალური ძალადობა საჰაერო ხომალდზე მყოფების მიმართ – ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ ქცევებისა, რომლებიც ხელს უშლის რეისების უსაფრთხოდ განხორციელებას, ქმნის დამატებით რისკებს ფრენებისთვის, ხელს უშლის ეკიპაჟს პირდაპირი მოვალეობების შესრულებაში, იწვევს რეისების შეფერხებას, დაუგეგმავ დაფრენას, კურსის ცვლილებას და სხვა. ავიაციაში უდისციპლინო მგზავრის განსაზღვრებაც არსებობს. ეს არის მგზავრი, რომელიც არ ემორჩილება და უგულვებელყოფს ქცევის დადგენილ წესებს აეროპორტის ტერიტორიასა თუ საჰაერო ხომალდზე, არ ემორჩილება აეროპორტის პერსონალისა და ეკიპაჟის წევრების მითითებებს და ამ მოქმედებით არღვევს წესრიგს.

უფრო ნათელი რომ გახდეს რა საფრთხეს უქმნის მგზავრის უპასუხისმგებლო ქცევა ფრენების და მგზავრთა უსაფრთხოებას, ასევე მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას, რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება:

2004 წელს, ნიუ-იორკიდან ლონდონის მიმართულებით გამოფრენილ American Airlines-ის რეისს შენონის აეროპორტში (ირლანდია) დაუგეგმავი დაშვება მოუწია. მიზეზი  – ორი მგზავრის დაუმორჩილებლობა გახდა. მას შემდეგ, რაც მგზავრებს განემარტათ რომ ვერ შეძლებდნენ ბიზნეს კლასის ტუალეტით სარგებლობას, მათ აგრესიული ქცევა გამოავლინეს. კერძოდ, მგზავრებმა დააზიანეს ჟანგბადის მიწოდების სისტემა, რამაც ჟანგბადის ნიღბების ჩამოვარდნა გამოიწვია. ინციდენტის შემდეგ, დაუმორჩილებელი მგზავრები კვლავ აგრძელებდნენ ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევას ეკიპაჟის წევრებისთვის და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ირგვლივ მყოფებს. თვითმფრინავის დაზიანების, მუქარისა და დაუმორჩილებლობისათვის მგზავრებს ორი წლის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა აეკრძალათ და დაჯარიმდნენ 50 ათასი ევროთი, აქედან 20 ათასი ევრო საჰაერო ხომალდის შეკეთებისთვის იყო გათვალისწინებული.

2016 წლის 3 აგვისტოს, დუბაის აეროპორტში საავიაციო შემთხვევა მოხდა. ავიაკომპანია Emirates-ის საჰაერო ხომალდმა, რომელიც ასრულებდა რეგულარულ რეისს (EK521) ტრივანდრუმი – დუბაის საჰაერო ხაზზე, დანიშნულების აეროპორტში ხისტი დაშვება განახორციელა, რა დროსაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი სამასივე ადამიანი გადარჩა, თუმცა დაშავდა 32 პირი, მათ შორის კაპიტანი და უფროსი ბორტგამცილებელი. ამ უკანასკნელმა დიდი რაოდენობით კვამლის ჩასუნთქვის შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო. როგორც მობილური ტელეფონებით გადაღებულმა ვიდეოებმა ცხადყო, მგზავრთა მოქმედებებმა ევაკუაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააბრკოლა. მაშინაც კი, როცა საჰაერო ხომალდი ალში იყო გახვეული, მგზავრთა ნაწილი იმის მაგივრად რომ უახლოესი ავარიული გასასვლელებისკენ გაქცეულიყო, ხელბარგის და ლეპტოპების ჩამოღებით იყო დაკავებული, რამაც მთავარი დერეფნის ბლოკირება გამოიწვია. თვითმფრინავის გაჩერებიდან 9 წუთის შემდეგაც, საჰაერო ხომალდის მეთაური და უფროსი ბორტგამცილებელი რჩებოდნენ ბორტზე, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ყველა მგზავრმა დატოვა ხომალდი. შედეგად, მათ საწვავის ავზის აფეთქების შემდეგ მოახერხეს ევაკუაცია.

2019 წლის მარტში, სან-დიეგოში (კალიფორნია), ბარგის დატვირთვის დროს, ავიაკომპანია Southwest-ის პერსონალმა თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში კვამლი დააფიქსირა. აალებული ჩანთა მალევე იქნა ამოღებული. ცეცხლი ჩააქრეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მგზავრის რეგისტრირებულ ბარგში მოთავსებული იყო ელექტრონული სიგარეტის დამტენი მოწყობილობა და სათადარიგო ლითიუმ-იონის ელემენტები. დაიწვა საბარგო ნაკვეთურში განთავსებული სხვა ჩემოდნები და ტვირთი. დაზიანდა ასევე თვითმფრინავი და დროებით მოიხსნა ექსპლუატაციიდან.

ამრიგად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რეგულაციები, სხვადასხვა კონტროლის მექანიზმები და ადგილზე გაწეული ინსტრუქტაჟი, რომელიც დანერგილია ავიაციის სფეროში, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული და მათი უგულვებელყოფა შესაძლოა სერიოზული ინციდენტის ან საავიაციო შემთხვევის გამომწვევი გახდეს. მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილებისთვის, გვახსოვდეს და დავიცვათ შემდეგი წესები/რეკომენდაციები:

  • გაითვალისწინეთ, რომ უდისციპლინო მგზავრის ადრეული გამოვლენის ფარგლებში, ავიაკომპანია უფლებამოსილია უარი გითხრათ საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე თუ თქვენი ქცევა, ფსიქიკური ან ფიზიკური მდგომარეობა ჩაითვლება საეჭვოდ და რისკის შემცველად ფრენის უსაფრთხოებისთვის, ეკიპაჟის და სხვა მგზავრების უსაფრთხოებისთვის ან მათი ჯანმრთელობისთვის. ავიაკომპანია უფლებამოსილია ასევე უარი გითხრათ გაფრენაზე თუ თქვენი ქცევა იყო რისკის შემცველი და სახიფათო წინა ფრენის დროს და ავიაგადამზიდველს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ეს ქცევა შესაძლოა განმეორდეს არსებულ ფრენაზე;
  • მოერიდეთ ალკოჰოლის/ნარკოტიკული საშუალების მიღებას ფრენამდე ან ფრენის დროს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო, მგზავრმა შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში ვერ შეძლოს უსაფრთხოების მითითებების შესრულება, ასევე ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობა შესაძლოა მგზავრის აგრესიული ქცევის გამომწვევი გახდეს. ცნობისთვის, ეკიპაჟი უფლებამოსილია შეუზღუდოს მგზავრს ალკოჰოლის მიღება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პერსონალი უფლებამოსილია მიმართოს დამატებით ზომებს;
  • იკრძალება ფრენის დროს თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. გახსოვდეთ, თანამედროვე საჰაერო ხომალდებზე, ტუალეტები აღჭურვილია კვამლის დეტექტორებით. ბორტზე სიგარეტის მოწევა ან დეტექტორის დაზიანება შესაძლოა მგზავრის პასუხისმგებაში მიცემის საფუძველი გახდეს;
  • აკრძალულია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ეკიპაჟის წევრებთან. გაითვალისწინეთ, რომ თუ ეკიპაჟის წევრი დაშავდა ან რაიმე სახის ტრავმა მიიღო, მცირდება საგანგებო ვითარების შემთხვევაში მისი მოქმედების შესაძლებლობა, ასევე ურჩი მგზავრის ხელის შემშლელმა ქცევებმა შესაძლოა ეკიპაჟის ძირითადი საქმიანობიდან მოცდენა გამოიწვიოს;
  • საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ეკიპაჟის წევრების მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს გაფრთხილებას, დაჯარიმებას ან დაპატიმრებას.
  • აკრძალულია საჰაერო ხომალდით გადასატანად უცხო პირებისაგან ჩანთების, ხელჩანთების, ჩემოდნების, ამანათების და სხვა საგნების მიღება, ასევე, ხელბარგის/ბარგის უცხო პირებისათვის დროებით ან უყურადღებოდ დატოვება;
  • ყურადღებით მოისმინეთ ბორტგამყოლების მიერ ჩატარებულ გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს მგზავრთა ინფორმირებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა მისაბმელი ღვედების შეკვრა და გახსნა, ავარიული გასასვლელების რაოდენობა და განლაგება, საავარიო ჟილეტების,  ჟანგბადის მოწყობილობების და სხვა საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა და გამოყენების წესები. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე, ავიაკომპანია უფლებამოსილია სხვა/დამატებითი მითითებებიც გასცეს. ასევე, ბორტის და მასზე არსებული სისტემების სპეციფიკიდან გამომდინარე უსაფრთხოების „ბრიფინგი“ შესაძლოა ჩატარდეს აუდიო ან ვიდეო  მხარდაჭერით  და არა ბორტგამყოლების მიერ;
  • ყურადღებით მოისმინეთ და დაემორჩილეთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს ევაკუაციის შემთხვევაში. ისინი სრულად არიან მომზადებული გადაუდებელი სიტუაციებისთვის, თუმცა მგზავრების თანამშრომლობა და სწორი მოქმედებები უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთ დროს. გაითვალისწინეთ, გადაუდებელი ევაკუაცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რისკი, რომ მგზავრები შეიძლება დაიღუპონ ან დაშავდნენ თვითმფრინავში. ამიტომ, იმოქმედეთ ინსტრუქციის შესაბამისად, ნუ დაკარგავთ დროს ჩანთების ასაღებად ან ტელეფონით ვიდეოს გადასაღებად. ცეცხლის ან კვამლის შემთხვევაში, კლებულობს ხილვადობა, ასევე ჰაერი ძალიან მალე ხდება ტოქსიკური, ამიტომ მაღალია რისკი, რომ დაგეწყოთ ჟანგბადის უკმარისობა. არ დაიწყოთ თქვენი ხელბარგის/ნივთების ხომალდიდან გადმოტანა. აღნიშნული ანელებს ევაკუაციის პროცესს. პანიკურ სიტუაციაში, შესაძლოა ბარგის/საგნების ნაწილი ძირს დაეცეს, გადაკეტოს დერეფანი და გასასვლელები, ასევე დააზიანოს მგზავრები, როდესაც ისინი გაქცევას შეეცდებიან. ნივთებმა, რომელსაც თან წამოიღებთ, შეიძლება გაჭრას საავარიო-სამაშველო ტრაპი და გახადოს ის გამოუსადეგარი. ასევე ისინი შეიძლება დაბრკოლებად იქცნენ მგზავრებისთვის. (მაგალითად ტრაპით სარგებლობის დროს ჩემოდანი მოხვდეს მგზავრს და ამის გამო დაკარგოს გონება, მოიტეხოს ფეხი და სხვ.);
  • წინასწარ გაეცანით საჰაერო ხომალდის სალონით და საბარგო განყოფილებით გადასატანად აკრძალული ნივთების ჩამონათვალს. ასევე, გაიგეთ რა მოცულობის სითხის, აეროზოლის და გელის ატანა არის შესაძლებელი ხელბარგით და როგორ უნდა იყოს აღნიშნული სითხე/აეროზოლი/გელი შეფუთული;
  • წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას ბორტზე ელექტრომოწყობილობების გამოყენებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. იკრძალება ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვა. ფოტოკამერების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, ვიდეოკამერების და სხვა ელექტრომოწყობილობების სათადარიგო ელემენტების გადატანა დაშვებულია მხოლოდ ხელბარგით. მოკლე ჩართვების თავიდან ასაცილებლად, სათადარიგო ელემენტები დაცული უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში ჩადებით, საიზოლაციო ლენტის მიკვრით ან თითოეული ბატარეის პოლიეთილენის დამცავ პარკში მოთავსებით;
  • ელექტრონული სიგარეტი, მათ შორის, ელექტრონული სიგარები და ორთქლის სხვა პერსონალური ინჰალატორები ელემენტით, შეგიძლიათ იქონიოთ მხოლოდ ხელბარგში. ელექტრონული სიგარეტის რეგისტრირებულ ბარგში გადატანა აკრძალულია. ასევე დაუშვებელია აღნიშნული მოწყობილობების თვითმფრინავის ბორტზე დამუხტვა;
  • საჰაერო ხომალდზე, მობილური ტელეფონები, ელექტრონული წამკითხველები და პლანშეტები გამოიყენეთ მხოლოდ ფრენის რეჟიმში. შეინახეთ თქვენი ლეპტოპები აფრენისა და დაფრენის დროს;
  • წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას ცოცხალი ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ავიაკომპანია ზღუდავს ამგვარ გადაყვანას. გამონაკლისი შეიძლება იყოს დამხმარე (გამყოლი/მომსახურე) ძაღლები;

 

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 

საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალულია საგნები, მოწყობილობები და ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად და შეიძლება საფრთხე შეუქმნან საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს, შენობა-ნაგებობებს ან მოსახლეობას.

იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფად აალებადი, რადიოაქტიური საგნებისა და ნივთიერებების გადატანა საჰაერო ხომალდით არ დაიშვება.

წარმოგიდგენთ საჰაერო ხომალდით  გადასატანად აკრძალულ სახიფათო ნივთიერებების და საგნების სრულ ნუსხას რომელიც შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საერთაშორისო სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად:

საჰაერო ხომალდის სალონით აკრძალულია შემდეგი საგნების გადაზიდვა:

  • ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა მოწყობილობა, რომლიდან გასროლამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან ცეცხლსასროლ იარაღს მიმსგავსებული საგნები, მათ შორის: ყველა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, პისტოლეტი, რევოლვერი, შაშხანა და საფანტის თოფი; სათამაშო თოფები, მათ შორის, ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი ან მისი იმიტაცია; ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები, გარდა ტელესკოპური სამიზნისა; პნევმატური და კარბონის დიოქსიდიანი პნევმატური იარაღი, მათ შორის, პისტოლეტი, თოფი კუთხვილიანი ლულით, შაშხანა და ბურთულების სასროლი თოფი; რაკეტის სასროლი პისტოლეტი (სასიგნალო) და სასტარტო პისტოლეტი; მშვილდი, არბალეტი და ისრები; წყალქვეშა თოფი და ჰარპუნის სასროლი თოფი; შურდული და სატყორცნი იარაღი;
  • ელექტროშოკური საშუალებები, მათ შორის: შოკური მოქმედების იარაღი, ისეთი, როგორიცაა ელექტროშოკური პისტოლეტი ან ელექტროშოკური ხელკეტი; ცხოველების გაბრუებისა და ცხოველების განადგურებისათვის განკუთვნილი იარაღი; დროებითი უუნარობის გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები, აირები და აეროზოლები, ისეთები, როგორიცაა წიწაკის გაზის აეროზოლი, მჟავური აეროზოლი, ცრემლსადენი გაზი და აეროზოლი ცხოველების დასაფრთხობად;
  • ბასრი წვერის ან პირის მქონე საგნები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის: საკეპი საგნები, ისეთები, როგორიცაა ცული, ნაჯახი და ყასბის დანა; ყინულის სამტვრევი ცული და წერაყინი; უსაფრთხო სამართებლის პირი; ნებისმიერი სახის დანა და მაკრატელი; ბასრი წვერის ან პირის მქონე აღმოსავლური ორთაბრძოლის იარაღი; ხმალი და დაშნა;
  • სამუშაო იარაღი, რომლის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის: ძალაყინი; საბურღი მოწყობილობა და ბურღები, მექანიკური პორტატული უსადენო საბურღი მოწყობილობის ჩათვლით; ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღის სახით, ისეთები, როგორიცაა სახრახნისი ან საჭრეთელი; ნებისმიერი სახის ხერხი (მექანიკური, პორტატული, უსადენო); სარჩილავი ხელსაწყო; ქანჩის ჩასახრახნი და ლურსმნის ჩასაჭედებელი ხელსაწყოები;
  • ბლაგვბოლოიანი ხელსაწყოები, რომლის დარტყმამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის: ბეისბოლის და სოფტბოლის საცემელა; ხელკეტი; აღმოსავლური ორთაბრძოლის იარაღი;
  • ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის: საბრძოლო მასალა; კაფსულ-დეტონატორი; დეტონატორი და მცველი; ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა; ნაღმი, ხელყუმბარა და სხვა ასაფეთქებელი საშუალება; პიროტექნიკური საშუალებები, ფეიერვერკის ჩათვლით; კვამლწარმომქმნელი ბალონები ან საკვამლე ჭურვი; დინამიტი, დენთი და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.

საბარგო ნაკვეთურით აკრძალულია შემდეგი ნივთიერებების გადაზიდვა:

საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით აკრძალულია იმ ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, მათ შორის:

  • საბრძოლო მასალა;
  • კაფსულ-დეტონატორი;
  • დეტონატორი და მცველი;
  • ნაღმი, ხელყუმბარა და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები;
  • პიროტექნიკური საშუალებები, ფეიერვერკის ჩათვლით;
  • კვამლწარმომქმნელი ბალონების ან საკვამლე ჭურვები;
  • დინამიტი, დენთი და პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ტვირთის სახით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა რეგულირდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესისა“ და ICAO-ს „ საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ (Doc 9284) მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გადამყვან ავიაკომპანიას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ აეროპორტში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები ნივთებზე, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ხელბარგით და/ან რეგისტრირებული ბარგით. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება აეროპორტის რეგულაციებს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 

ნებისმიერი სახის სითხე, აეროზოლი და გელი  ხელბარგით გადასაზიდად დაიშვება არაუმეტეს 100 (ასი) მლ-ის მოცულობის ჭურჭლით.

100 მლ-ზე მეტი მოცულობის ჭურჭლით სითხეები, აეროზოლები და გელები არ გადაიზიდება, თუნდაც ჭურჭელი არ იყოს ბოლომდე გავსებული.

სითხის, აეროზოლის და გელის შემცველი ჭურჭელი მგზავრმა უნდა მოათავსოს არაუმეტეს 1 (ერთი) ლ მოცულობის გამჭვირვალე პლასტიკურ პაკეტში, რომელიც უნდა იკეტებოდეს. ჭურჭელი თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული გამჭვირვალე პაკეტში და პაკეტი იყოს დაკეტილი.

აეროპორტის საკონტროლო პუნქტში გამჭვირვალე პაკეტი წარდგენილ უნდა იქნეს ვიზუალური დათვალიერებისა და შემოწმებისათვის. თითოეულ მგზავრს უფლება აქვს იქონიოს მხოლოდ ერთი გამჭვირვალე პაკეტი.

როგორც გამფრენი, ასევე ტრანსფერული მგზავრებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მოცულობის სითხის, აეროზოლის ან გელის გადაზიდვა, თუ ისინი შეძენილ იქნა აეროპორტის ვაჭრობის ობიექტში და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე იმ პირობით, რომ ეს სითხეები შეფუთული იქნება საიმედოდ დაბეჭდილ არასანქცირებული გახსნისაგან დაცულ პლასტიკურ პაკეტში, რომელზეც იქნება წარწერა, რომ იგი შეძენილია აეროპორტის ვაჭრობის ობიექტში და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე, გაფრენის დღეს.

მგზავრობის დროს აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მიზნებისათვის ან სპეციალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის დიეტური სარგებლობისათვის განკუთვნილი სითხეები/აეროზლოლები/გელები, მაგალითად წამლები, ბავშვთა ან სპეციალური დიეტური კვება შესაძლოა დაშვებული იქნეს ხელბარგით, განსხვავებული მოცულობით ან შეფუთვით თუ დაცული იქნება დადგენილი პროცედურები.

სამედიცინო მიზნებისთვის საჭირო სითხეებს მიეკუთვნება თხევადი წამლები, რომლებიც გამოწერილია ექიმის მიერ ან შეძენილია რეცეპტის გარეშე. სპეციალური დიეტური სარგებლობის სითხეები კი კვების ის პროდუქტებია, რომელთა გარეშეც ადამიანების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე მაგალითად საბავშვო კვება ან კვების პროდუქტები, მგზავრებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ ლაქტოზას და გლიუტენს. თუ საბავშვო კვების მოცულობა მგზავრობის ხანგრძლივობასთან შედარებით შესამჩნევად დიდია, მისი გატანა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე აკრძალულია.

მგზავრი ვალდებულია წარმოადგინოს შეზღუდვისაგან გათავისუფლებული სითხეების ნამდვილობის მტკიცებულება. ექიმის მიერ დანიშნული წამლის გადატანის შემთხვევაში, მგზავრმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს წამალი გამოწერილია პირადად მისთვის (ცნობა ექიმისგან). იმ შემთხვევაში, როდესაც წამალი არ მიეკუთვნება რეცეპტით შეძენილ მედიკამენტებს განისაზღვრება დასაბუთებული რაოდენობა. დასაბუთებულად ითვლება რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ფრენის ხანგრძლივობის, შესაძლო დაგვიანების და ფრენის მარშრუტის შეცვლის გათვალისწინებით. თუ დადგენილი პროცედურების შესრულების შემდეგ, დარჩება ეჭვი სითხის/აეროზოლის/გელის მიმართებით, შესამოწმებელ პირს ეცნობება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი გატანის აკრძალვის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გადამყვან ავიაკომპანიას.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

COVID-19 პანდემიის პირობებში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად იცვლება სახელმწიფოების გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით. ხდება სანიტარული მოთხოვნების შემსუბუქება ან გამკაცრება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გირჩევთ წინასწარ, მოგზაურობამდე გაეცნოთ დანიშნულების ქვეყნის სამოგზაურო რეგულაციებს ამავე სახელმწიფოების ოფიციალურ წყაროებზე ან მიიღოთ აღნიშნული ზომების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესაბამისი საელჩოებისგან/საკონსულოებისგან.

გარდა სამოგზაურო რეგულაციებისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა წესები და მოთხოვნებია დანერგილი უშუალოდ აეროპორტებსა და საჰაერო ხომალდებზე – დაავადების პრევენციის, თქვენი და საავიაციო პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

მოხარულები ვართ გითხრათ, რომ საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება ყველაზე უსაფრთხოა გლობალური პანდემიის პირობებშიც. ამისათვის ავიაციის სექტორმა ვირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე მიიღო მთელი რიგი ზომები. კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აეროპორტებში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ავიასაწარმოებს ევალებათ ჯანდაცვის და მარეგულირებელი უწყებების რეკომენდაციების მკაცრი დაცვა, რომლებიც ეხება ეკიპაჟის/პერსონალის სპეციალურ მომზადებას მგზავრთა მიმართ გასატარებელ ღონისძიებების თაობაზე, მათ სათანადო ეკიპირებას, ბორტის/შენობის დეზინფექციას და ა.შ.  აეროპორტებში უზრუნველყოფილია ნაკადების კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება, მგზავრთა მომსახურების არეები და  ხშირად გამოყენებული ზედაპირები (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) ექვემდებარება ხშირ დასუფთავება/დეზინფექციას. თვითმფრინავებში ჰაერი მუდმივად იცვლება მაღალ ეფექტური საჰაერო ფილტრების (HEPA ფილტრების) მეშვეობით და სხვა.

წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით შემუშავებულ სავალდებულო წესებს და რეკომენდაციებს. სხვა სახელმწიფოებთან ჰარმონიზირებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, კონსულტაციები გაიმართა ასევე ავიასაწარმოებთან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები მგზავრებისთვის

გაფრენის ტერმინალში/დარბაზში:

  • ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
  • მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);
  • შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;
  • დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;
  • დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;
  • დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;
  • დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე. 

საჰაერო ხომალდზე:

  • საჰაერო ხომალდზე მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;
  • მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;
  • თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;
  • იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება  წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ COVID 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;
  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;
  • ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;
  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი  წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.

მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:

  • ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;
  • მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
  • მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);
  • ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;
  • დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;
  • დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;
  • დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე;

რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

მოთხოვნები და რეკომენდაციები ავიასაწარმოების და მათი პერსონალის საყურადღებოდ

გაფრენის/მოფრენის ტერმინალში (დარბაზში):

  • გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში (დარბაზებში) მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით. ავიასაწარმოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღბები 4 საათიანი ინტერვალით, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი);
  • უზრუნველყავით ნაკადების კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება, აგრეთვე, სკამების ნაწილის ანულირება უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
  • ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის, უზრუნველყავით სპეციალური ოთახების გამოყოფა;
  • პერიოდულად უზრუნველყავით მგზავრთა მომსახურების არეების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია;
  • რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
  • მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით, დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
  • მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების განთავსება;
  • უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნული ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) მის გამართულ მუშაობაზე;
  • განსაზღვრეთ გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).

საჰაერო ხომალდზე:

  • საჰაერო ხომალდზე ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). შეცვალეთ უნიფორმა ყოველდღიურად. იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;
  • უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო  დისტანცია(ოჯახის წევრების გარდა);
  • განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში და / ან ვიდეო ინფო მასალაში;
  • ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და სწორად განკარგვის შესახებ;
  • მინიმუმამდე შეამცირეთ მგზავრებთან კონტაქტი;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;
  • საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში;
  • 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ  წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;
  • მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
  • უზრუნველყავით მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება;
  • სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყავით მგზავრთა გადაადგილების მართვა თვითმფრინავში ჩასხდომის / თვითმფრინავიდან გადმოსვლის დროს;
  • უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
  • იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად. უზრუნველყავით მგზავრის იზოლირება და მისი მეთვალყურეობა/დახმარება პროტოკოლის შესაბამისად;
  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;
  • ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი  წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.

რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა

გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ

ფრენების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობასთან ერთად, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, სააგენტომ დანერგა ყველაზე მაღალი – ევროპული სტანდარტები ამ მიმართულებით. დღეისათვის დანერგილია სრული სპექტრი რეგულაციებისა, რომლებიც ადგენენ ევროპული სტანდარტების შესაბამის კომპენსაციებს რეისის გაუქმების შემთხვევაში,  შშმ პირების უფლებების დარღვევის შემთხვევაში,  ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში. ამასთან 2017 წლიდან, ავიაკომპანიებს დაუწესდათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადაზღვევო მოთხოვნები. საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის პარალელურად, დაიწყო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგი რათა შემოწმდეს ავიაკომპანიების მიერ ამ და სხვა პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული რეგულაციები ნიშნავს მეტ დაცულობასა და საიმედოობას მგზავრისთვის, ასევე წარმოადგენს იმის წინაპირობას რომ მგზავრთა უფლებები  მაღალი სტანდარტებით იყოს უზრუნველყოფილი.

როგორია მგზავრთა უფლებები ფრენის გაუქმებისა და რეისის დაგვიანების დროს, როგორ და რა ვითარებაში იცავს მათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რა შემთხვევებში ეკუთვნის მგზავრს კომპენსაცია, როგორია მგზავრთა და მესამე პირთა უფლებები მგზავრის გარდაცვალების, სხეულის დაზიანების, რეგისტრირებული ბარგის დაგვიანების, დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას, რა სახის დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ შეზღუდული შესაძლებლობების / შეზღუდული მოძრაობის მქონე პირებმა საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის დროს – გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ. იმგზავრეთ მშვიდად ყველაზე დაცული და საიმედო ტრანსპორტით.

საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნის შესაბამისად მატულობს ავიაკომპანიების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა. ფრენები მკაცრად დადგენილი განრიგის მიხედვით სრულდება, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობები, გადატვირთული საჰაერო სივრცე, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ პროგრამული შეფერხებები, გაფიცვები და სხვა მსგავსი ფაქტორები ხშირად რეისის დაგვიანების ან გაუქმების მიზეზებს წარმოადგენენ.

მონრეალის 1999 წლის კონვენცია „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ არის საბაზისო სამართლებრივი აქტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს.

კონვენციის მიხედვით, „გადამზიდველი პასუხისმგებელია ზიანისათვის, რომელიც მგზავრების საჰაერო გადაყვანისას მათი ფიზიკური დაზიანების ან სიკვდილის შედეგად დგება, ასევე ბარგისა და ტვირთის საჰაერო გადაზიდვის დაკარგვის/დაგვიანების/განადგურების შედეგად წარმოიქმნება. მაგრამ გადამზიდველი პასუხს არ აგებს ამგვარად მიყენებული ზიანისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ მან და მისმა მომსახურეებმა და აგენტებმა მიიღეს ყველა შესაძლო, გონივრულად აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ ზიანი, ან მათთვის შეუძლებელი იყო ასეთი ზომების მიღება, ან თუ კი ზიანი გამოიწვია თავად მომჩივანი/დაზარალებული მგზავრის დაუდევრობამ ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ ან უმოქმედობამ.

“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით (N261/2004) და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან საქართველოში ან საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.

ფრენის გაუქმება / საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა
  • ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით (მეტეოპირობები, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოულოდნელი რისკები, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, გაფიცვა და სხვა მსგავსი მოვლენები) რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად;
  • ამრიგად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ავიაკომპანია არ არის ვალდებული გადაგიხადოთ კომპენსაცია, თუ რეისი გაუქმდა ისეთი გაუთვალისწინებელი/საგანგებო ვითარების გამო, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაგადამზიდველი მიმართავდა ყველა გონივრული ზომას. მაგალითად, ასეთი ვითარება შეიძლება იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები, ტერორიზმის საფრთხე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკეტვა, შეფერხებები საჰაერო მოძრაობის მართვის კუთხით, გაფიცვები, სამოქალაქო არეულობები, სტიქიური უბედურებები და სხვა. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ფასდება ინდივიდუალურად, რათა გამოვლინდეს, არსებობდა თუ არა ისეთი გაუთვალისწინებელი/საგანგებო ვითარება, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო;
  • გაითვალისწინეთ, რომ როგორც წესი, ფრენის სტატუსის ცვლილებების შესახებ შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ ჯავშნის მფლობელს. შეტყობინება იგზავნება ელფოსტის, SMS-ის ან შესაბამისი მობილური აპლიკაციის მეშვეობით. უმჯობესია ავიაბილეთის დაჯავშნა მოახდინოთ უშუალოდ გადამყვანი ავიაკომპანიის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის მეშვეობით;
  • ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ოთხ საათზე ნაკლები დროის დაგვიანებით ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით, ან  ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებულ ფრენის თარიღამდე შვიდ კალენდარულ დღეზე ნაკლები დროით ადრე და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ერთი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩასვლა არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით;
  • მგზავრს, რომელსაც კონკრეტული ფრენის განხორციელებისას უარი ეთქვა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე დადგენილი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმა გამოწვეულია მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ფრენის უსაფრთხოებით, საავიაციო უშიშროებით ან არასათანადო დოკუმენტების წარმოდგენით, უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია, აგრეთვე ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით;
  • საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია)

400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია)

600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია)

მანძილი გაიანგარიშება „დიდი წრის რკალის“ შესაბამისად (უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის დედამიწის სფეროს ზედაპირზე). დისტანციების მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი ფრენა ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიგოთ: http://gc.kls2.com/

მაგალითად, თუ თქვენი გაუქმებული ფრენა არის თბილისი – რიგა და გარემოებების გათვალისწინებით გეკუთვნით კომპენსაცია, მისი ოდენობის გასაგებად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ზემოთ მოცემულ ბმულზე, შეიყვანოთ შესაბამისი აეროპორტების ICAO-ს ან IATA-ს კოდები და გაიგოთ დისტანცია დიდი წრის რკალის შესაბამისად. თბილისსა (TBS) და რიგას (RIX) შორის მანძილი შეადგენს 1,406 მილს, რაც არის 2262.738 კილომეტრი. შესაბამისად თქვენი ფრენა საშუალო დისტანციისა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 400 ევროს ოდენობით;

  • ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების ყველა შემთხვევის შესახებ, აგრეთვე მგზავრისთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემის თაობაზე. წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
  • წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. ამასთან, როგორც წესი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი რეისის სტატუსს ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე. აეროპორტში მისვლისას, ყურადღებით გაეცანით ეკრანებზე განთავსებულ განრიგებს/განცხადებებს ასევე ავიაკომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას;
  • თუ რეისის გაუქმების შესახებ ადგილზე გახდა ცნობილი, მიაკითხეთ ავიაკომპანიის საინფორმაციო დახლს. მიიღეთ ინფორმაცია ფრენის გაუქმების მიზეზის შესახებ. შეგიძლიათ მოითხოვოთ დოკუმენტი/საინფორმაციო მასალა ასეთ დროს მგზავრთა უფლებების შესახებ. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ავიაბილეთის უფასოდ გადაჯავშნა;
  • რეისის გაუქმების გამომწვევი ვითარებების ხასიათიდან და კონკრეტული შემთხვევების თავისებურებებიდან გამომდინარე, კომპენსაციის მიღების უფლება პრაქტიკაში არცთუ ისე მარტივი დასადასტურებელია. ამიტომ, სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ასევე სთხოვეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე გაკეთებული შემოთავაზებებისა და ზეპირი განცხადებების გამომგზავნა წერილობითი შეტყობინებების სახით.
  • კომპენსაციის მისაღებად პირველ რიგში გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ. რიგ შემთხვევაში ავიაგამზიდველებს საჩივრის ფორმები თავად აქვთ შემუშავებული. თუ ასეთი ფორმა არ შემოგთავაზეს ან ვერ იპოვეთ მათ ვებგვერდზე, შეგიძლიათ ავიაკომპანიას წერილობით მიმართოთ. კომპენსაციაზე უარის მიღების შემთხვევაში, მგზავრი უფლებამოსილია შესაბამისი საჩივრით მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და მოითხოვოს კომპენსაციის გაცემაზე ზედამხედველობის განხორციელება. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგწეროთ შემდეგ ელ. მისამართებზე: office@gcaa.ge; atd@gcaa.ge. ავიაკომპანიის მხრიდან კომპენსაციაზე უარის მიღების შემთხვევაში, მგზავრი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
  • კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ იურიდიული და/ან ამ საკითხებზე მომუშავე შუამავალი კომპანიების კონსულტაციით. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სახელით მოქმედი მესამე მხარისთვის გადახდილი ნებისმიერი კომპენსაცია ჩაითვლება კომპენსაციის თქვენთვის გადახდად და ავიაკომპანია არ აგებს პასუხს თქვენსა და მესამე მხარეს შორის წარმოშობილ დავაზე.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

მგზავრების დახმარების ვალდებულება ავიაკომპანიებს ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში წარმოეშვებათ.

  • ხანგრძლივი დაგვიანება წარმოადგენს ფრენის დაგვიანებას, რომელიც აღემატება ორ საათს. ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:

ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;

სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;

ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.

  • ამ შემთხვევებში ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მგზავრი შემდეგი სახის უფასო მომსახურებით: კვებით და გამაგრილებელი სასმელებით, ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უფლებით;
  • სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის:
    1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება;
    2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს შემდეგი დახმარება უნდა აღმოუჩინოს: კვება და გამაგრილებელი სასმელები, საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე – მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე;
  • როდესაც დანიშნულების პუნქტში ფაქტობრივი ჩაფრენის დრო სულ მცირე 3 საათით აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს, მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ფრენის დაგვიანებისთვის. კომპენსაციაზე უარის მიღების შემთხვევაში მგზავრი უფლებამოსილია შესაბამისი საჩივრით მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და მოითხოვოს კომპენსაციის გაცემაზე ზედამხედველობის განხორციელება. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგწეროთ შემდეგ ელ. მისამართებზე: office@gcaa.ge; atd@gcaa.ge. ავიაკომპანიის მხრიდან კომპენსაციაზე უარის მიღების შემთხვევაში, მგზავრი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს;
  • აეროპორტში მისვლისას, ყურადღებით გაეცანით ეკრანებზე განთავსებულ განრიგებს/განცხადებებს ასევე ავიაკომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თუ რეისის დაგვიანების შესახებ გახდა ცნობილი, მიაკითხეთ ავიაკომპანიის საინფორმაციო დახლს. მიიღეთ ინფორმაცია დაგვიანების სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. შეგიძლიათ მოითხოვოთ დოკუმენტი/საინფორმაციო მასალა ასეთ დროს მგზავრთა უფლებების შესახებ;
  • უფასო მომსახურების მისაღებად გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ. კუთვნილ დახმარებაზე უარის მიღების შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვთ მიმართოს როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზემოთ მითითებულ ელ. მისამართებზე, ასევე სასამართლოს;
  • ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს წერილობითი ინფორმაცია ხანგრძლივი დაგვიანების ყველა შემთხვევის შესახებ, აგრეთვე მგზავრისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების თაობაზე. წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
  • თქვენი უფლებების დაცვის მიზნით, სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

  • გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი მომსახურების მაღალ კლასზე იმ კლასთან შედარებით, რომლისთვისაც იყო შეძენილი ბილეთი, მას არა აქვს უფლება მოსთხოვოს მგზავრს თანხის დამატება მაღალი კლასით მომსახურებისათვის;
  • თუ ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, ის ვალდებულია ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში აუნაზღაუროს მგზავრს: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კმ-მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 50% – 1500-დან 3500კმ – მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 75% – 3500კმ-ზე მეტ მანძილზე;
  • თქვენი უფლებების დაცვის მიზნით, სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მგზავრს ჰქონდეს სამართლიანი წვდომა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდული შესაძლებლობების ან შეზღუდული მოძრაობის მქონე მგზავრების გადაადგილების შესაძლებლობა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას შეზღუდულია ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზით და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს იმ მომსახურებით სარგებლობის დროს, რომელიც განკუთვნილია მგზავრისათვის. მაგალითად ასეთი მგზავრი საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას სახმელეთო მომსახურების გაწევის დროს, ჩასხდომის/გადმოსხმის დროს, ფრენის მსვლელობისას, ევაკუაციის შემთხვევაში და სხვ.  მოგზაურობის თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2013 წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროკავშირის 1107/2006 რეგულაციის მიხედვით „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესი“ დაამტკიცა. წესის მიზანია, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისას შეზღუდული შესაძლებლობებისა და შეზღუდული მოძრაობის მქონე პირისათვის გარანტირებული, სრულყოფილი დახმარების აღმოჩენა და დისკრიმინაციისაგან დაცვა, ასევე მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ფორმალობების გამარტივება და ოპერატორის/ავიასაწარმოს მიერ მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი ეტლით მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

არასათანადო მომსახურება, დამატებითი თანხის მოთხოვნა სერვისის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ან ტექნიკური აღჭურვილობის არ ქონა, არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინება პერსონალის ან მგზავრების მხრიდან – აღნიშნული გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემების ჩამონათვალი შეზღუდული შესაძლებლობების / შეზღუდული მოძრაობის მქონე პირების მიმართ საჰაერო ტრასპორტით მგზავრობის დროს. თუმცა, გაგიკვირდებათ, მაგრამ ხშირად, აეროპორტის ან ავიაკომპანიის მიერ მომსახურების არასათანადოდ გაწევის ძირითადი „მიზეზი“ დახმარების საჭიროების მქონე მგზავრის არაინფორმირებულობაა. მაგალითად, ევროკავშირის 2012 წლის მონაცემებით, მგზავრების მხოლოდ 40% პროცენტი ატყობინებს ავიაკომპანიას/აეროპორტს წინასწარ დახმარების საჭიროების შესახებ. მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული რეგულაციები, მათ შორის სააგენტოს მიერ შემუშავებული წესი ავალდებულებს ოპერატორებს  რომ შშმ პირთა მომსახურების თაობაზე ინფორმაცია გახადონ ხელმისაწვდომი. შედეგად, მომხმარებელთა ცნობადობა საკუთარი უფლებების და გარანტიების შესახებ თანდათან იზრდება. IATA ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც 48 ავიაკომპანიის შეტყობინების საფუძველზე შემუშავდა, ეტლით მომსახურებაზე მოთხოვნა მხოლოდ ერთ წელიწადში (2016 – დან 2017 წლამდე)  30% –ით გაიზარდა.

რა უნდა იცოდნენ მგზავრებმა მათი უფლებების და ზოგადად საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის პროცესის შესახებ:

  • შშმ მგზავრებად ითვლებიან მგზავრები, რომლებიც იყენებენ ეტლებს, აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევები, მგზავრობენ გამყოლ ძაღლებთან ერთად და სხვა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებად კი ითვლებიან ფეხმძიმეები, მოტეხილობის მქონე მგზავრები, ასევე მგზავრები, რომლების საჭიროებენ მედიკამენტების მიღებას, დამატებით ჟანგბადს, სამედიცინო მოწყობილობებს და ა.შ.;
  • სააგენტოს მიერ შემუშავებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის მოქმედება ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ სამგზავრო კომერციული საჰაერო მომსახურებით საქართველოს აეროპორტებში, გამგზავრების, დაფრენის, ტრანზიტის და/ან ტრანსფერის დროს;
  • ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს/ტუროპერატორს არა აქვს უფლება უარი უთხრას შშმ პირს ბილეთის/ჯავშნის მიღებაზე ან საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, თუ ამისთვის არ არსებობს დასაბუთებული მიზეზი. კერძოდ, თუ უარი განპირობებულია საერთაშორისო და/ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ან საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია ან მისი კარის ზომები არ იძლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჰაერო ხომალდში ჩასხდომის და/ან ტრანსპორტირების საშუალებას;
  • ბილეთზე/ჯავშანზე უარის თქმის შემთხვევაში, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი/ტუროპერატორი ვალდებულია შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ალტერნატიული პირობები. ამასთან, ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მგზავრს შეზღუდვების მიზეზი. მოთხოვნის შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა/მომსახურე ავიაგადამზიდველმა/ტუროპერატორმა 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ცალკეული შეზღუდვების მიზეზების შესახებ;
  • ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი/ტუროპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისაგან თანმხლები პირის ყოლა, რომელიც გაუწევს მას დახმარებას მგზავრობის დროს. პრაქტიკაში, თანმხლები პირის ყოლა მოითხოვება თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ ადგილიდან ადგომას და საევაკუაციო გასასვლელამდე მისვლას, ან იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბორტზე გაცემული უსაფრთხოების ინსტრუქციების გაგება და მათზე რეაგირება კოგნიტური ან სწავლასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე სიბრმავის ან სიყრუის გამო, უსაფრთხოების ღვედის მოხსნა, სამაშველო ჟილეტის ამოღება და ჩამოცმა, ან ჟანგბადის ნიღბის მორგება და სხვა. თანხმლები პირი უნდა იყოს ქმედუნარიანი;
  • თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ახლავს თანმხლები პირი, ავიაგადამზიდველმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები თანმხლები პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გვერდით სავარძელში მოსათავსებლად;
  • ავიაგადამზიდველი ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აღმოუჩინოს დახმარება, რაც გამოიხატება შემდეგში: გაწვრთნილი (გამყოლი) ძაღლის გადაყვანა საჰაერო ხომალდში, სამედიცინო მოწყობილობასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის არანაკლებ ორი გადასაადგილებელი საშუალების გამოყოფა, ელექტრონული ეტლის ჩათვლით (აღნიშნული საჭიროებს შეტყობინებას 48 საათით ადრე), ინფორმაციის მიწოდება ფრენების შესახებ, აუცილებელი ზომების მიღება მგზავრის მიერ, კუთვნილი სავარძლის მოხერხებულად გამოყენების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საპირფარეშომდე გადაადგილებაში დახმარება. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;
  • აეროპორტის ტერმინალის ფარგლებში და მის გარეთ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შშმ პირთა მიმღები პუნქტები, სადაც მათ საშუალება ექნებათ გააკეთონ განაცხადი აეროპორტში მისვლის შესახებ და მოითხოვონ დახმარება;
  • აეროპორტში ან საჰაერო ხომალდში ტრანსპორტირების დროს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, გადაადგილების საშუალებების (ინვალიდის ეტლი ან გადაადგილების სხვა საშუალება) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი მიმყენებლის მიერ და საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ დროებით მიეცეს ალტერნატიული საშუალებები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების / შეზღუდული მოძრაობის მქონე პირთა საჭიროებიდან გამომდინარე, მისი ხმელეთზე მომსახურება (მათ შორის ისეთი მოწყობილობებით, როგორიცაა ელექტრონული ეტლი) ექვემდებარება 48 საათით ადრე შეტყობინებას. შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, ამის შესახებ ავიაკომპანიას უნდა შეატყობინოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე. ამ ტიპის მოთხოვნა ავიაგადამზიდველთან შეგიძლიათ დააფიქსიროთ როგორც ავიაბილეთის დაჯავშნისას, ისე ავიაკომპანიის საინფორმაციო ცხელ ხაზთან/მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებით, ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით;
  • თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, აუცილებელია რეისის რეგისტრაციაზე გამოცხადდეთ დროულად, როგორც წესი დაგეგმილ გამგზავრებამდე 2 საათით ადრე. ეს საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას დროულად გაგიწიოთ დახმარება რეგისტრაციის და სხვა ფორმალობების გავლაში;
  • თუ იარსებებს გონივრული ეჭვი იმისა, რომ უსაფრთხოდ ფრენას ვერ შეძლებთ და მისი მიმდინარეობისას შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება, ავიაკომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია;
  • თუ თქვენი ეტლი დიდია სალონში ასატანად, შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგში და ისარგებლოთ აეროპორტის ეტლით. ავიაკომპანიებს შესავსები ფორმები აქვთ, რომელიც ივსება წინასწარ, ონლაინ ან ადგილზე გამოცხადების დროს;
  • თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი საჭიროებს გაწვრთნილი ძაღლის თანხლებას, ინფორმაცია ძაღლის საჰაერო ხომალდში აყვანის საჭიროების შესახებ უნდა მიეწოდოს ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს/ტუროპერატორს და მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ შემუშავებული სპეციალური წესების შესაბამისად. დაუშვებელია ძაღლმა მოახდინოს გასასვლელების ბლოკირება;
  • გაითვალისწინეთ, რომ მოკლე დისტანციის ფრენებზე როგორც წესი შედარებით მცირე ზომის საჰაერო ხომალდები ოპერირებენ. ამიტომ უმჯობესია ავიაკომპანიასთან წინასწარ დააზუსტოთ შეძლებენ თუ არა თქვენი ეტლის მოთავსებას საბარგო განყოფილებაში. იმ შემთხვევაში თუ ეტლი დასაშლელია, დატოვეთ ინსტრუქცია პერსონალისთვის;
  • პრაქტიკაში, სალონში ეტლისთვის განკუთვნილი ადგილები first come first served მეთოდით ივსება. თუ ადგილი დაკავებულია ან ზომები არ შეესაბამება დაშვებულ ნორმებს, ეტლი იგზავნება საბარგო განყოფილებაში;
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს ავიაგადამზიდველების და საქართველოს აეროპორტების მუდმივ მონიტორინგს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით. სააგენტოს მიერ ასევე, ხორციელდება მუდმივი ზედამხედველობა საავიაციო ობიექტებზე, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ის სტანდარტები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით. წესით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, საქართველოს აეროპორტებში, ოპერატორთა მიერ მოეწყო შშმ პირთა მომსახურების პუნქტები, ასევე მოხდა აეროპორტების აღჭურვა ყველა საჭირო მოწყობილობითა და ინფრასტრუქტურით რაც საჭიროა შშმ პირთა მომსახურებისათვის;
  • თუ შეზღუდული შესაძლებლობის/მოძრაობის მქონე პირი ჩათვლის, რომ დარღვეულია მისი უფლებები, იგი უფლებამოსილია წარუდგინოს პრეტენზია ოპერატორს/ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შშმ პირი, უფლებამოსილია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომელიც უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ოპერატორს/ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგწეროთ შემდეგ ელ. მისამართებზე: office@gcaa.geatd@gcaa.ge. შშმ პირი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • წინასწარ გაეცანით გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას და პროცესებს შშმ მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი/ტურ-ოპერატორი ვალდებულია, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უსაფრთხოების წესების და მათთვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ. ტურ-ოპერატორი ვალდებულია, ცალკეულ ფრენებზე არსებული მსგავსი უსაფრთხოების წესები და ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ შეიტანოს სამგზავრო, შვებულების ან ტურის პაკეტში;
  • თუ თაბაშირის სახვევში მოთავსებული მოტეხილი ფეხით მგზავრობთ, რომელსაც მუხლში ვერ ხრით, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი ადგილის შეძენა. წინასწარ დაუკავშირდით ავიაკომპანიას და გაიარეთ კონსულტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით;
  • უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფეხმძიმე ქალებს თვითმფრინავით მგზავრობა ორსულობის გარკვეულ ვადამდე შეუძლიათ (ძირითადად ფეხმძიმობის 34-ე კვირამდე). სხვადასხვა ავიაკომპანიას მგზავრობისთვის დასაშვებად შესაძლოა სხვადასხვა ვადა ჰქონდეს განსაზღვრული. ასევე როგორც წესი, ფეხმძიმე მგზავრებისთვის ორსულობის გარკვეული ვადის შემდეგ სავალდებულოა სამედიცინო ცნობის წარდგენა. ამიტომ, წინასწარ დაუკავშირდით ავიაკომპანიას და გაიარეთ კონსულტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით

 

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

თქვენი ფრენა საქართველოს საჰაერო სივრცეში დაზღვეულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვერც ერთი რეგულარული ან ჩარტერული რეისი საქართველოში ვერ განხორციელდება, თუ ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოადგენს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელ პოლისს,  რომელიც  უნდა  ფარავდეს  მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირისთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს.

“საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი” სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 1 ივლისს მიიღო და მისი მიზანია მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნების დაწესებით და ფარგლების განსაზღვრით. წესის შემუშავებულია ევროკავშირის 785/2004 რეგულაციის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დადგენილია ისეთივე სადაზღვევო ლიმიტები, როგორიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში, ასევე,  საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი  ფრენის დაზღვევა. წესის თანახმად, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება განსაზღვრულია „SDR“-ით  (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად) და შეადგენს:

  • 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;
  • 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR-ს;
  • ბარგზე – 1 288 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;
  • ტვირთზე – 22 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.

მესამე პირებთან (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მგზავრისა და საფრენოსნო ეკიპაჟისა) დაკავშირებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მინიმალური სადაზღვევო მოცულობა (მილიონი SDR) საავიაციო შემთხვევისას შეადგენს:

  • 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 0,75;
  • 1000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 1,5;
  • 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 3;
  • 6000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 7;
  • 12000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 18;
  • 25000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 80;
  • 50000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 150;
  • 200000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 300;
  • 500000კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 500;
  • 500000 კგ ან 500000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 700.

მგზავრებთან მიმართებაში დაზღვევა მოიცავს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალებას ან დაზიანებას, ბარგისა და ტვირთის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მათი დაკარგვა, განადგურება ან დაზიანება, ხოლო მესამე პირებთან მიმართებაში – საავიაციო შემთხვევის შედეგად გარდაცვალება, პირადი ან ქონების დაზიანება.

SDR-დან სხვა ვალუტაში კონვერტაციის მიმდინარე კურსი შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდის ბმულზე.

პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის  წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

„საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის კონვენციის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს, გადამზიდველი პასუხს აგებს ზიანისათვის, რომელიც წარმოიქმნება მგზავრის სიკვდილის ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, მხოლოდ იმ პირობით, რომ შემთხვევა, რომელიც სიკვდილის ან დაზიანების მიზეზი გახდა, მოხდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ან ჩასხდომის ან გადმოსხდომის ნებისმიერი ოპერაციის დროს. ასევე, გადამზიდველი პასუხს აგებს ზიანისათვის, რომელიც წარმოიქმნება რეგისტრირებული ბარგის განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მხოლოდ იმ პირობით, რომ განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების მიზეზად ქცეული შემთხვევა მოხდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ან ნებისმიერ იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც რეგისტრირებული ბარგი გადამზიდველის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, გადამზიდველი პასუხს არ აგებს, თუ ზიანი გამოიწვია ბარგისათვის დამახასიათებელმა დეფექტმა, ხარისხმა ან ნაკლმა. არარეგისტრირებული ბარგის, მათ შორის პირადი ნივთების მიმართ გადამზიდველი პასუხისმგებელია, თუ ზიანი მიადგა მისი მიზეზით ან მისი მოსამსახურეების ან აგენტების მიზეზით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შემუშავებული “მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესი” მოქმედია 2017 წლის 1 ივლისიდან.  წესის  მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე და მისი მიზანია მგზავრთა და მესამე პირების უფლებების დაცვა მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. წესი შემუშავებულია ევროკავშირის 2027/97 რეგულაციის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დადგენილია კომპენსაციის ისეთივე ოდენობები, როგორიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში. რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული უფლებების შესახებ:

  • მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებობს ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ფინანსური ზედა ზღვარი. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების დროს კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 128 821SDR-მდე ოდენობით. თუ ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან სხეულის დაზიანება გამოწვეულია თავად დაზარალებულის მიზეზით, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან;
  • მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 5 346 SDR-მდე ოდენობით;
  • ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 1 288 SDR-მდე ოდენობით;
  • ბარგის  დაკარგვის,  დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია განისაზღვრება 1288 SDR-მდე ოდენობით. თუ ბარგი რეგისტრირებულია, ავიაკომპანია პასუხისმგებელია მისი ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში გადამზიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ბრალეულობის შემთხვევაში;
  • ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მისი აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი მტკიცებულების წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ბარგის დაზიანება, შეფერხება, დაკარგვა და განადგურება მოხდა მისი მიზეზით;
  • ბარგის დაზიანების, შეფერხების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის თაობაზე ავიაკომპანიას.   რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში, მგზავრმა უნდა განაცხადოს   7 დღის განმავლობაში, ხოლო ბარგის შეფერხების შემთხვევაში – 21დღის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც ბარგი გადავიდა მგზავრის განკარგულებაში;
  • სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით,  წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების დღიდან ორი წლის განმავლობაში;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი ვალდებულია,  კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის (მგზავრი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია მგზავთან დაკავშირებით კომპენსაციის მოთხოვნის წარდგენის უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ვინაობის დადგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში, წინასწარ გადაიხადოს თანხის ნაწილი მიყენებული ზიანის პირობების გათვალისწინებით. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა  არ უნდა იყოს  16000SDR-ის ევროს ეკვივალენტზე ნაკლები. ამასთან, თანხის წინასწარი გადახდა, არ ნიშნავს ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის აღიარებას და შეიძლება ამ თანხიდან მოხდეს ნებისმიერი სხვა შემდგომი ხარჯების დაფარვა, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის საფუძველზე;
  • 2017 წლის 1 ივლიდიან, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, ავიაბილეთების რეალიზაციისას, ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ;
  • ნებისმიერი ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია საქართველოში ავიაბილეთების რეალიზაციისას თითოეულ მგზავრს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია: კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ერთეულების შესახებ, მგზავრის გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, თუ ასეთი ზღვრული ოდენობა  გამოიყენება; კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობების შესახებ ბარგის განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში და გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია იმ ბარგთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილ ზღვარს უნდა მიეწოდოს ავიაგადამზიდველს რეგისტრაციის დროს  ან ბარგი მთლიანად უნდა იყოს  დაზღვეული   მგზავრის მიერ გამგზავრებამდე; კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ, მგზავრის შეფერხებით გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით.

SDR-დან სხვა ვალუტაში კონვერტაციის მიმდინარე კურსი შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდის ბმულზე.

მასალის გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო