უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების პროგრამა – SAFA, შემუშავებულ იქნა 1996 წელს სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) მიერ, გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებების (JAA) ხელშეწყობით. თავდაპირველად პროგრამა ითვალისწინებდა ECAC-ის წევრი ქვეყნების მიერ მათივე აეროპორტებში დაშვებული უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ნებაყოფლობით შემოწმებას, შემდგომში ამ ინსპექტირების შედეგების ერთიან მონაცემთა ბაზაში მოქცევის მიზნით.
2007 წლის 1 იანვრიდან სრული პასუხისმგებლობა პროგრამის ფუნქციონირებაზე, მის სამართლებრივ უზრუნვეყოფასა და შემდგომ განვითარებაზე დაეკისრა ევრო-კომისიას (EC), რომელიც თავის მხრივ პროგრამას კურირებს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA) ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ინსპექტირების შედეგების შეგროვებას, ინფორმაციის გაცვლას და მონაცემთა ერთიანი ბაზის სისტემის მართვას.
პროგრამა ითვალისწინებს მესამე ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას ევრო-კავშირის თითოეული წევრი ქვეყნის და იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებთანაც დადებულია შესაბამის შეთანხმება (სამოქმედო გეგმა). ინპექტირების შედეგები ერთიანი ბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომია ყველა წევრი ქვეყნისათვის. იმ შემთხვევაში თუ ინსპექცია გამოავლენს მნიშვნელოვან შეუსაბამობებს, ინფორმაცია ეცნობება შესაბამის ავიაგადამზიდველს და ზედამხედველ ორგანოს. ხოლო თუ აღნიშნული შეუსაბამობები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, ინსპექტორებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ მოითხოვონ მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარება, სანამ ნებას დართავენ საჰაერო ხომალდს დატოვოს ტერიტორია.
2009 წლის 1 აპრილს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) აღიარა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინამორბედის – „ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის“ მიერ წარდგენილი უცხო ქვეყნების საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების შეფასების პროგრამის (SAFA) ეროვნული კოორდინატორის მონაცემები (სააგენტოს 1 სპეციალისტი). შედეგად, სამოქალაქო  ავიაციის სააგენტო მიერთებულ იქნა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან, რომელიც  დღეისათვის აერთიანებს მსოფლიოს 42 ქვეყანას.
პროექტის თაობაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ » www.easa.eu.int/approvals-and-standardisation/safety-assessment-of-foreign-aircraft-SAFA.php

საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი –  “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

  • ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირება
  • განახლებული ევროპული სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბება სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად (რეგულაციები, ბრძანებები, ალტერნატიული წესების შესაბამისობა, გზამკვლევის მასალები და სერტიფიცირების სპეციფიკაცია), რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად
  • პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დააკვირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტივობებს,  აგებული იქნება გამჭვირვალე და ფოკუსირებულ მაჩვენებლებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს  კონცეფციების, რეგულაციების, პოლიტიკისა და პროცედურების ეფექტური განხორციელება მათი დამტკიცების შემდგომ.

პროექტს აქვს ორი მთავარი კომპონენტი:

  • საქართველოს ავიაციის სააგენტოსათვის პროცედურებისა და სახელმძღვანელოების თანმიმდევრული სისტემის განვითარება, სისტემის საერთაშორისო რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით
  • საქართველოს ავიაციის სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. მოკლე ვადებით მოწვეული ექსპერტები ავსტრიიდან და ხორვატიიდან ჩაატარებენ ტრენინგებს საქართველოს ავიაციის სააგენტოს თანამშრომელთათვის როგორც საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტების, აგრეთვე საქართველოში ჩატარებული სემინარებისა და ვორქშოპების სახით.

პროექტის მთავარი ბენეფიციარი ორგანიზაციაა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ქართული მხრიდან პროექტში აგრეთვე ჩაერთვება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ევროკავშირის მხრიდან პროექტს განახორციელებენ ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორები: „ავსტროკონტროლი“ – ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო ხელისუფლება ევროპაში, რომელიც სასერტიფიკაციო და საზედამხედველო საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) კანონშემოქმედებით პროცესში და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA), რომელსაც გააჩნია წარმატებული გამოცდილებაECAA შეთანხმების ვალდებულებების შესრულების და დროის ძალიან მოკლე პერიოდში ევროპული საავიაციო კანონმდებლობის დანერგვის კუთხით.

პროექტის ხანგრძლივობა იქნება 21 თვე, ხოლო ბიუჯეტი შეადგენს 1,23 მილიონ ევროს, რაც მთლიანად დაფინანსდება ევროკავშირის მიერ.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოინახულეთ ოფიციალური ვებგვერდი: www.aviation-twinning.eu

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) შეიქმნა 1998 წელს ევროკომისიის ინიციატივით და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინა-მორბედის „ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის“ მიერ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ENPI), 2007 წლის დეკემბერში წარდგენილმა საპროექტო წინადადებამ „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან“ გაირა ექსპერტიზა და მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით 2008წლის ნოემბერ-დეკემბერში სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობით შემუშავებულ იქნა სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა (Twinning Fiche), რომელშიც გაიწერა იმ ღონისძიებათა დეტალური ჩამონათვალი, რომლებიც დაეხმარებოდა ქვეყანას საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციაში ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობასთან.

პროექტის „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლო-ბასთან“ განხორციელება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (Twinning) ფარგლებში  2011 წლის აპრილში დაიწყო და მიზნად ისახავდა  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს როგორც ბენეფიციარი ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.პროექტი 2013 წლის აპრილში დასრულდა.
Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს  ჩაუტარდათ 90-მდე მიზნობრივი ტრეინინგი და სემინარი. სასწავლო მივლინებების ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ევროპული სტანდარტების ორგანიზაციაში წარმატებით ფუნქციონირებად ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციით სააგენტომ შეიმუშავა ტრეინინგ პროგრამა ტექნიკური პერსონალისათვის, დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე საქართველოს საჰაერო კოდექსში.

პროექტში ევროკავშირის მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების ფედერალური სამინისტრო, აგრეთვე, ავსტრიის საჰაერო ნავიგაციის სამსახური – AUSTRO CONTROL. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, როგორც ბენეფიციარ ადმინისტრაციაში მოვლინებული იყო მუდმივი მრჩეველი, რომელიც საჭიროებისამებრ კონსულტაციას უწევდა ქართულ მხარეს პროექტთან დაკავშირებით და უძღვებოდა ორგანიზაციულ საქმიანობას. გარდა ამისა, გერმანიისა და ავსტრიის წამყვანი ექსპერტები სააგენტოს თანამშრომლებისათვის ატარებდნენ მიზნობრივ ტრეინინგებსა და სემინარებს.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) შეიქმნა 1998 წელს ევროკომისიის ინიციატივით და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ტექნიკური დახმარების პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს ბენეფიციარი სახელმწიფოების დახმარებას ორი მიმართულებით:

– აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი) ეს იქნება ხელშეწყობა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების, ევროპული რეგულაციების დანერგვის, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, საავიაციო კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით.

– ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) პროექტი ითვალისწინებს ხელშეწყობას ევროპის საავიაციო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით.

EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 4 წელიწადს შეადგენს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე
პროექტის თანახმად, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) დახმარებას გაუწევს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის სტანდარტებით გათვალისწინებული ზედმხედველობის ეროვნული ორგანოს ჩამოყალიბების პროცესში.
შესაბამის შეთანხმებას ხელი 2011 წლის 11 ოქტომბერს მოეწერა. პროექტი, მიზნად ისახავს ქართული მხარის დახმარებას, ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებისა და მისი ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. პირველ რიგში, იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სააგენტოს მასზე დელეგირებული მაკონტროლებელი ფუნქციების სრულფასოვან განხოციელებაში, სპეციალისტების შესაბამის მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს სააერნაოსნო მომსახურებისა და ფრენის უსაფრთხოების ხარისხს საქართველოში.
პროექტი 2011 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და მისი დამთავრება 2015 წლის ბოლოს იგეგმება.
ადგილობრივი ერთიანი ცის დანერგვა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ (European Common Aviation Area Agreement – ECAA) შეთანხმების საფუძველზე საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დანერგვას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში. ევროკავშირში მიმდინარე ერთიანი საჰაერო სივრცის შექმნის ინიციატივა, რომელიც მიმართულია საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის შეცვლაზე, ფრენების უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მოითხოვს ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების კონსოლიდირებასა და მჭიდრო თანამშრომლობას. აღნიშნული პროცესი იმართება ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვისგენერალური გეგმის (EATM Master Plan) მიხედვით, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ერთიანი ცის დანერგვის ევროპული/ადგილობრივი (ESSIP/LSSIP) მექანიზმი. პროცესის დანერგვისა და მიმდინარეობის მართვა ხორციელდება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EUROCONTROL) მიერ. (იხ. ბმული http://www-new.eurocontrol.int/lssip/public/standard_page/georgia.html ). ESSIP/LSSIP მექანიზმი შედგება ორი ძირითადი – ევროპული ერთიანი ცისა და ადგილობრივი ერთიანი ცის დანერგვის პროცესებისაგან. პირველ რიგში ხდება დაგეგმვა ევროპულ დონეზე (ESSIP), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საფუძველს ადგილობრივ დონეზე ერთიანი საჰაერო სივრცის დანერვის დაგეგმარებისათვის (LSSIP). პროცესის სრულყოფილად ამოქმედებისთვის მასში აუცილებელიამონაწილე ქვეყნების საავიაციო სექტორის ოთხი ძირითადი დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობა. ესენია: ეროვნული რეგულირების/ზედამხედველობის ორგანო, სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი, აეროპორტების ოპერატორები და თავდაცვის უწყება. აღნიშნული უწყებები/ორგანიზაციები აღწერენ საავიაციო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროცესებს, რაც აისახება LSSIP-ის ყოველწლიურ ანგარიშში.