GEO    
ENG

  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
22 იანვარი 2021
სიახლეები და განცხადებები

07 Dec.'20 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე სამოქალაქო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

“სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ თითოეულ ავიასპეციალისტს, ავიასაწარმოს, ოპერატორს, საავიაციო სასწავლო დაწესებულებას, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას ვულოცავ 7 დეკემბერს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს.

სამწუხაროდ, საავიაციო სექტორი პროფესიულ დღეს მწვავე გლობალური კრიზისის ფონზე ხვდება. საყოველთაო შეფასებებით, COVID 19-ის პანდემიამ ჯერ არნახული ზიანი მიაყენა საავიაციო დარგს. არსებული დანაკარგები ბევრად აღემატება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ განვითარებულ კრიზისს ავიაციის სფეროში. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის საშუალოდ 60%-ით შემცირებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი და 82%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი 10 თვის მონაცემებით. და მაინც, ვინ თუ არა ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა იციან, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით, დაუღალავი შრომით და ერთობლივი ძალისხმევით, ავიაციას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ გამოწვევას.

მოკლე დროში, ავიაცია გახდა ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, ეპიდემიის გავრცელების პირობებშიც. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ მგზავრთა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად. მინდა მადლობა გადავუხადო ავიასაწარმოებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვისთვის, ასევე მათ პერსონალს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მგზავრთა, სარეპატრიაციო და ჰუმანიტარული რეისების მომსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სატვირთო ავიაკომპანიებს მათი წვლილისთვის, სამედიცინო ტვირთის დროული ტრანსპორტირების კუთხით.

აქვე, მსურს ყურადღება გავამახვილო იმ ღონისძიებებზე, რომლებმაც მცირე, მაგრამ პოზიტიური გავლენა იქონია ინდუსტრიაზე პანდემიის მძიმე ზეგავლენის შერბილების კუთხით, ასევე ფაქტორებზე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება საავიაციო სექტორის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ. პირობები ძირითადად ითვალისწინებს გარკვეული მოწმობების, სერტიფიკატების, საშვების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას, ასევე, მოთხოვნების შემსუბუქებას. საშეღავათო პირობების მოქმედება კვლავაც გრძელდება.

სააგენტოს მიერ ინიცირებულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიმზიდველი გარემოს შექმნას ეკიპაჟებისთვის - მათ მიერ ტექნიკური დაშვების განხორციელების და საქართველოში დასვენების მიზნით. შემუშავდა წინადადება ოპერატორებისთვის, მომზადდა პროტოკოლი ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ. გეოგრაფიული მდებარეობის, ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის და მან ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს: აეროპორტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საწვავგამმართველ საწარმოს, ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეებს. მაგალითისთვის, 2020 წლის 22 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შესრულდა 525 ფრენა ტექნიკური დაშვების მიზნით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 129 ფრენა. ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა ეკიპაჟის 2270 წევრი. პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა.

2020 წლის 2 აგვისტოს, ევროკავშირმა „ერთიანი საჰაერო სივრცის” შესახებ საქართველოსთან 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას და საავიაციო ბაზრების ეტაპობრივ ურთიერთგახსნას, ქვეყნის მიერ, საავიაციო კანონმდებლობის ევროგაერთიანების რეგულაციებთან სრულად ჰარმონიზების შემდგომ. სააგენტოს მიერ, წლების განმავლობაში დიდი შრომა იქნა გაწეული, რათა ეტაპობრივად, საავიაციო ინდუსტრიასთან კონსულტაციების რეჟიმში, მომხდარიყო ევროპული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით. ევროკავშირის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროპული რეგულაციების დანერგვის კუთხით. ფართოვდება იმ ტექნიკური რეგულაციების სპექტრი, რომლებსაც მომავალი წლიდან დავნერგავთ. ყოველივე ეს კი, ნიშნავს ჩვენი ავიაციის მეტ საიმედოობას და მგზავრთა დაცულობას.

მნიშვნელოვანია, რომ COVID-19-ის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ავიაგადამზიდველების მხრიდან კვლავაც არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ფრენების განახლების და ახალ საჰაერო ხაზებზე ოპერირების დაწყების სურვილი. აქტიურად გრძელდება ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გავართმევთ თავს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და წარმატებას საქმიანობაში!”

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო