GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
23 ივლისი 2017
სიახლეები

29 Jun.'17 | საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისათვის ახალი ვალდებულებები შედის ძალაში

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგს განახორციელებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი", რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს  საჰაერო მიმოსვლის სტაბილურობის და საიმედოობის განმტკიცებას, ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მუდმივი შეფასების გზით. წესი შემუშავებულია ევროპარლამენტის 2008 წლის 24 სექტემბრის N 1008/2008 რეგულაციის მიხედვით და ზემოთაღნიშნულ მიზნებთან ერთად, მისი დანერგვით,  საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
 
ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებზე, რომლებიც ფლობენ სააგენტოს მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატებს და კომერციული მიზნით, საკუთრებაში არსებული და/ან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდით ახორციელებენ მგზავრის გადაყვანას, ფოსტის და/ან ტვირთის გადაზიდვას.
 
წესით გათვალისწინებული ვალდებულებები პროპორციულად ვრცელდება „ა" და „ბ" კატეგორიის საწარმოებზე:
  • საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღებისა და ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით, „ა" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-) პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ: საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში, პირველი სამი წლის ბიზნეს გეგმა, დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის, ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ - საწვავთან, ბილეთებთან,  ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები; ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით; დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ; არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები, საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.
  • „ბ" კატეგორიის საწარმოებმა (ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდების მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე), პირველადი განაცხადით სააგენტოში უნდა წარმოადგინონ აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განახორციელებს  მუდმივ ზედამხედველობას  წესის მოთხოვნების შესრულებაზე, რათა საწარმოს ფინანსური მდგრადობა გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მოწმობის გაცემის დროს, არამედ მისი ფუნქციონირების პროცესში.
 
საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკისა და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, წესი აგრეთვე ითვალისწინებს მოწმობის მინიჭების უფლებამოსილებას მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომელთა გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს არ აქვთ ცუდი საქმიანი რეპუტაცია („Proof of good repute"), არ არიან ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისათვის ან ისეთი ქმედებებისათვის რომელმაც მათი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია და ა.შ.
 
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესზე მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს დაიწყო. ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავიაკომპანიასთან. წესის პროექტის მიმართ არსებობს დადებითი დასკვნა ევროკავშირის ექსპერტების (TRACECA Civil Aviation II" Project) მხრიდან.
 
 
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესთან ერთად, 1 ივლისიდან ძალაში შედის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წესები „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ" და „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის შესახებ"
 
ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებზე.
 
 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო