GEO    
ENG


  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
21 სექტემბერი 2017
სიახლეები

27 May.'17 | ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 25-26 მაისს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ICAO-ს პირველი პირები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას, მინიტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს გურამ ჯალაღონიას შეხვდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საქართველოში საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების დონის გაუმჯობესების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, დოქტორ ბენარდ ალიუმ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და წარმატებას. ,,მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მადლობა ვუთხრა ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,-‘’განაცხადა დოქტორ ბენარდ ალიუმ. ,,სამოქალაქო ავიაციის სექტორში მაჩვენებლები ძალიან გაგვიუმჯობესდა. სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც ICAO აყენებს, საკმაოდ მაღალია. დადებითად იქნა შეფასებული ის შრომა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად გაწია. შეხვედრაზე სწორედ ამ წარმატებასა და პროგრესზე იყო საუბარი,-‘’განაცხადა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

26 მაისს, „საქაერონავიგაციის“ მასპინძლობით, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის მიღება გაიმართა რომელსაც ICAO-ს პირველ პირებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიასაწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესხვა ხაზი საქართველოს მიერ, ბოლო წლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.  დოქტორ ბენარდ ალიუ: "გუშინ ჩვენ შეხვედრები გვქონდა საქართველოს მთავრობასთან, სადაც მსოფლიო საავიაციო თანამეგობრობის სახელით გამოვხატეთ კმაყოფილება ბოლო 3-4 წლის მანძილზე ფრენების უსაფრთხოების კუთხით ნაჩვენები გაუმჯობესების, აგრეთვე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საჰაერო გზების მოდერნიზების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ გაუმჯობესება და არსებული სტანდარტების ამაღლება კვლავ გაგრძელდება. გამოვთქვამთ მზადყოფნას რომ კვლავაც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საქართველოც როგორც კარგი შედეგების მქონე სახელმწიფო თავის გამოცდილებას გაუზიარებს რეგიონის ქვეყნებს. ჩვენი რეკომენდაციაა სტაბილური განვითარების კურსის შენარჩუნება, საავიაციო ხელისუფლების ფინანსური და ინსტიტუციონალური გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ფრენები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველომ ძალიან დიდი ზრდა აჩვენა მგზავრთა გადაყვანის კუთხით. ავიაცია მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. მე ძალიან პოზიტიური პროგნოზები მაქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მომავალი განვითრების კუთხით."

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტისა და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ICAO-ს პარიზის ბიუროს დირექტორისაგან სერტიფიკატი გადმოეცა. „სერტიფიკატი ეძლევათ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს გამორჩეული მიღწევებისათვის, ICAO-ს საქმიანობის უწყვეტი და უპირობო მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისათვის“ - ნათქვამია წარმოდგენილ სერტიფიკატში.

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

საქართველო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი 1994 წელს გახდა. როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, საქართველო უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას და გატარებას სამოქალაქო ავიაციის დარგში. 

საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა იკაოს 2015-2016 წლის აუდიტებმა დაადასტურა: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა (58% - 2008 წლის აუდიტის დროს); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%, 23.3% გაუმჯობესება 2013 წელთან შედარებით); ICAO-ს სტანდარტების კანონმდებლობაში დანერგვის მაჩვენებელი გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%, გაუმჯობესება 2013წ. აუდიტთან შედარებით 59.09%); 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა.

 

 

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო