16 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და შპს „საქაერონავიგაციამ“ ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების (IAA) აღმასრულებელ დირექტორს ემონ ბრენანს და კორპორატიულ დირექტორს დონალ ...ჰენდლის უმასპინძლეს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (GCAA) და ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების (IAA) პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების, საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროებისა და სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის, ასევე ინფორმაციის გაცვლისა და ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ირლანდიას შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობლობებზე, საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცესებსა და პროცედურებზე. ემონ ბრენანის მიერ დეტალურად იქნა მიმოხილული ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების მიღწევები, ასევე ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიების (Ryanair, Aer Lingus) მიმდინარე და გრძელვადიანი გეგმები ოპერირების გაფართოვების მიმართულებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს საქართველოს მიერ, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით ნაჩვენები შედეგები, ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციები და საავიაციო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები.
ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მრავალმხრივი შეხვედრაც, სადაც ემონ ბრენანმა “EUROCONTROL”-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატის რანგში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ პირველ პირებს გააცნო მისი ხედვები და მიზნები ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში. “EUROCONTROL”-ის გენერალური დირექტორის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.