„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ (სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N142 ბრძანება) შემუშავებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნების საფუძველზე.
წესის მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა.
|